რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ჯგუფი “The Troggs”-ის ლიდერმა პეგ პრესლიმ მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. პრესლიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც გასული წლის დეკემბერში ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსი ამჟამად ქიმიოთერაპიის გაძლიერებულ კურსს გადის.
ჯგუფი “The Troggs” დიდ ბრიტანეთში 1964 წელს ჩამოყალიბდა. მსოფლიო აღიარება 1966 წელს ჩაწერილმა კომპოზიციამ “Wild Thing” მოუტანა. ეს სიმღერა დიდ ბრიტანეთში იმ წელს საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესოა რომ 1967 წელს, მონტერეის მუსიკალურ ფესტივალზე ეს კომპოზიცია თვით ჯიმი ჰენდრიქსმაც შეასრულა და მას ბრიტანეთის არაოფიციალური ჰიმნი უწოდა.
მომდევნო წლებში “The Troggs”-ის პოპულარულობა თანდათან შენელდა. ამის მიუხედავად კომპოზიციები “With a Girl Like You” და “Love Is All Around” სხვადასხვა ჰიტ-აღლუმებში მაღალ პოზიციებს იკავებდა. რამდენიმე წლის წინ “Love Is All Around”-ის ახალი ქოუვერ ვერსია ცნობილმა ჯგუფმა “Wet Wet Wet” ჩაწერა.
“The Troggs” აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას გასული წლის დეკემბრამდე აგრძელებდა, მაგრამ ჯგუფის ლიდერის მოულოდნელი ავადმყოფობის გამო უახლოეს მომავალში ისტორიის კუთვნილება გახდება.