დავით უსუფაშვილმა

დავით უსუფაშვილმა "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "კაბელების საქმეში" მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტის გატაცებისა და მასზე ზეწოლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოები სათანადო ნაბიჯებს გადადგამენ და დაკითხავს პირებს, ვინც ამის თაობაზე საუბრობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, საქმეში სიცხადის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნდობა იყოს გამოძიებისა და სასამართლოს მიმართ.

"ე.წ. კაბელების საქმეზე პირველივე დღეებში ვთქვი, რომ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. მის მიმართ ყურადღება იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე იყოს გამოძიებული ყველა პროცედურის დაცვით და მაღალი კვალიფიკაციით. თუკი საქმე უკვე სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, როგორც ეს პროკურატურის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, ალბათ, მოსალოდნელია, რომ ყველა, ვისთანაც კითხვები შეიძლება არსებობდეს, უნდა დაიკითხოს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, ერთ-ერთ ექსპერტთან დაკავშირებით, რომელზეც ითქვა, რომ ის იყო გატაცებული და მასზე ზეწოლა განხორციელდა, მაქვს მოლოდინი, რომ სამართალდამცავები გაერკვევიან რა ხდება. პროკურატურისაგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ისინი არაფერს შუაში არ არიან. კარგი იქნება, თუ გაერკვევიან, თუ ვინ არის ამ ყველაფრის შუაში. ამ საქმეში სიცხადის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნდობა იყოს გამოძიებისა და სასამართლოს მიმართ", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.