ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

ე.წ. კაბელების საქმეში პოლიტიკურ ინტერესზე ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერმა უპასუხისმგებლო უწოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მედიის წარმომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ სურს, ყოფილ თანაგუნდელებზე რაიმე განცხადების გაკეთება, თუმცა ისინი ამას იმსახურებენ.

"არ მინდა ამ უპასუხისმგებლო განცხადებას ვუპასუხო, პროკურატურამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება და იქ ყველაფერი ნათელი და გარკვეული იყო.

ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა ვინც არ უნდა იყოს ის. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია.

გამოძიება გამჭვირვალეა, თუ რამე რეალური არგუმენტები აქვთ, წარმოადგინონ. სამწუხაროა, რომ ისინი ემსგავსებიან და ბაძავენ "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებაზე საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. კაბელების საქმე მის წინააღმდეგ, პოლიტიკურად არის მოტივირებული.