გარდაბანში მიწის სიმბოლურად გადაცემას უჩა მამაცაშვილთან კავშირი არ აქვს

გარდაბანში მიწის სიმბოლურად გადაცემას უჩა მამაცაშვილთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თანაინვესტორების ფონდისთვის" გარდაბანში მიწის სიმბოლურად გადაცემას უჩა მამაცაშვილთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ინვესტიციას აკეთებს ფონდი და არა უჩა მამაცაშვილი.

"თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელმა აჩვენა საზოგადოებას თუ რა გაკეთდა. 10 მილიონ ლარზე მეტის არის უკვე დახარჯული. 30 ჰექტარზე შენდება ულტრათანამედროვე, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით სათბური, სადაც მოვიყვანთ კიტრსა და პომიდორს და ამით ჩანაცვლდება იმპორტირებული კიტრის და პომიდვრის 30%. ეს არის ეროვნული საქმე. სახელმწიფომ ამ პროექტის თანამონაწილეობა გააკეთა. ამ მიწით შევედით ამ პროექტში. რა შუაშია უჩა მამაცაშვილი? ის არ აკეთებს ინვესტიციებს ამ ადგილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის მიწა, რომელიც იყო აბსოლუტურად ხრიოკი, რომელსაც არავინ იყენებდა და რომლისთვისაც უნდა დაიხარჯოს 45 მილიონი ლარი, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გადაეცა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად "თანაინვესტირების ფონდს.

"45 მილიონი ლარი ჯდება ჯამში ეს პროექტი. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას. თუ თანაინვესტორების ფონდი ასეთივე პროექტს გააკეთებს სხვაგანაც, მზად ვართ სახელმწიფომ განიხილოს და ისევ 1 ლარად გადასცეს, თუ ეს საინტერესო იქნება. ფონდი 1 ლარის სანაცვლოდ 2 მილიონი ლარის ღირებულების მიწაზე აკეთებს 45 მილიონი ლარის ინვესტიციას. ეს რატომ არ უნდა იყოს საინტერესო სახელმწიფოსთვის? ეს ეხმარება ადგილობრივ წარმოებას, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ სათბურის 50 % იყიდა ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ფრანგულმა კომპანიამ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.