არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება

არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება

არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა. გადმოგვეცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ფაზა წარმატებით დავხურეთ. რამდენიმე შემფასებელი მისია იყო საქართველოში. წინასწარი ინფორმაციით, პოზიტიური შეფასებები გვაქვს. რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, თუმცა მე არ მსურს, რომ მოსახლეობაში ცრუ მოლოდინები გავაჩინო. მე შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა მოლდოვამ გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველომ. საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის მეთაურობით, ამაზე მუშაობა დროულად არ დაიწყო და ჩვენ მოგვიწია უზარმაზარი სამუშაოს ძალიან მოკლე ვადაში შესრულება, მაგრამ ჩვენ ეს აბსოლუტურად წარმატებულად და ღირსეულად შევძელით. ჩვენ არ გვსურს, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები გავიმეოროთ, ვგულისხმობ, ნატო-სთან მიმართებით დაშვებულ შეცდომებს, რომ MAP-ს მივიღებდით, შემდეგ იმედგაცრუება მოხდა. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად პოზიტიური შედეგები მივიღოთ რიგის სამიტისთვის. არავის არ ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მეორე დღესვე იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს არის პროცედურა. მოლდოვამ დაასრულა 2-3 წლის წინ და რამდენიმე თვის წინ მიიღეს უვიზო მიმოსვლა. ასეთ მოლოდინებზეა საუბარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სამიტზე მიღებულ იქნა პრინციპული, პოზიტიური გადაწყვეტილება, ამის შემდეგ დარჩენილია ტექნიკური საკითხებს, რომლის შემდეგაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, შეიძლება, ერთი ან ორი წელი დასჭირდეს.