ირაკლი ღარიბაშვილი:   ამ ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა სამარცხვინო მთავრობა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო კვლევა ცხადყოფდა, რომ მოსახლეობის პრიორიტეტებში ძალიან მცირე ნაწილი ეჭირა მაღალჩინოსნების გასამართლებას.

"მე არ მოვერიდები ამის თქმას. ამ შემთხვევაში მე უფლებას ვიტოვებ, როგორც საქართველოს მოქალაქის აზრი გამოვხატო. მე კიდევ უფრო მიღრმავდება ეჭვები ამ რეიტინგებთან დაკავშირებით და ჩემთვის არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მოსახლეობის განწყობა იცოდეს მთავრობამ. მე ძალიან კარგად ვიცი, რა იყო საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ის ფაქტი, რომ ათასობით გამოუძიებელი და ძალიან მძიმე დანაშაულები იყო ჩვენი მემკვიდრეობა, ეს იყო და რჩება გამოწვევად, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს გამჭვირვალედ. თქვენი კითხვა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გაჭვირვალედ წარგვემართა ეს პროცესი და არც ერთი კითხვა არ დარჩენილიყო უპასუხოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ სრული ინფორმაცია მიაწოდა ყველა დაინტერესებულ პირს და პროკურატურაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობს.

"არც ერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი. სწორედ ამ მიზნით დაიქირავეს მსოფლიოში ცნობილი სამართლის სპეციალისტები, რომლებიც აფასებენ ყოფილი მაღალჩინოსნები საქმეებს.

თქვენ მოისმინეთ, რომ ძალიან მაღალი რანგის ექსპერტების შეფასებით, ეს საქმეები იმსახურებს გაგრძელებას სასამართლოში. ჩვენ ყოველთვის ვერიდებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. ვცდილობთ სამართლიანი ვიყოთ, იქნება ეს ყოფილი თუ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.