პრემიერი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას

პრემიერი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის გამოსვლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენას ტელევიზორის საშუალებით აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ-ში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, წავა თუ არა პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას.

"გასულ წელს გვქონდა მსჯელობა, უნდა დაესწროს თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობა. მაშინ ვთქვი, რომ სხვა რეალობაა, ვერიდებით პომპეზურობას და არ იყო საჭირო მთავრობის წევრების დასწრება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე. ამის დრამატიზება არ არის საჭირო. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა პარლამენტში ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. მეც მოვუსმენ, მაგრამ არ არის აუცილებელი პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება, ვუსმინო ტელევიზორით. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე. თუ ჩვენ ყველა გავაკეთებთ ჩვენ საქმეს კარგად, ბევრად კარგად იქნება ყველაფერი საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის პარლამენტში არ წასვლა არ არის უპატივცემულობა. "ეს არ არის უპატივცემულობა, პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რეალობის დამკვიდრებას უნდა შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.