პრემიერი ნატო-სთან მიმართებაში გოგი თოფაძის განცხადებებს არ იზიარებს

პრემიერი ნატო-სთან მიმართებაში გოგი თოფაძის განცხადებებს არ იზიარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-სთან მიმართებაში უმრავლესობის წევრი დეპუტატის, გოგი თოფაძის განცხადებებს არ იზიარებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც გახშირდა "მრეწველების" მხრიდან ანტინატოური რიტორიკა და ემიჯნება თუ არა ამ რიტორიკას.

ღარიბაშვილის განცხადებით, "მრეწველთა პარტიამ", ისევე, როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს.

"ისინი ოფიციალურად სრულად იზიარებენ ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა თუ საშინაო პოლიტიკა.

რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, მე რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია. ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეს თემა და მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და გირჩევდით დიდი დრო არ დახარჯოთ ამ თემაზე. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელი, ეს არის ღიად დეკლარირებული, საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს სრული კონსესუსი ამ საკითხთან მიმართებაში და საქართველოს მთავრობა ამ კურსს და ამ პოლიტიკას ეფექტიანად ახორციელებს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თოფაძის ეს განცხადება მისთვის მიუღებელია, თუმცა ამაში ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია, რადგან ეს არის თოფაძის, როგორც მოქალაქის პირადი შეხედულება.

"იმედი მაქვს, რომ "მრეწველები" დაადატსურებენ მათ აზრს, რომ იზიარებენ სრულად ჩვენს მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მოიაზრებს თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "მრეწველებს" მათ გვერდით, ღარიბაშვილმა განაცხადა, "ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა".