საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა 2003-2011 წლებში 3,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მხოლოდ 2013-2014 წლის 9 თვის განმავლობაში კი - 3,1 მილიარდი აშშ დოლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის პერიოდში, რომელიც ამაყობს, რომ საქართველოში სასწაულები მოახდინა, ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა 2003-2011 წლებში 3,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მხოლოდ 2013 და 2014 წლის 9 თვის განმავლობაში კი, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი - 3,1 მილიარდი აშშ დოლარია.

"პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს პირველად, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა აღარ იყო დამოკიდებული ამინდზე. სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე. დღეს უკვე ჩვენი კურორტები იძლევა საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობას. უკვე წელს გუდაურში 40 %-ით, დიდველზე კი - 20%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ორ წელიწადში, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა.

"Frazer Institute"-ის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი". 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა. "Heritage Foundation"-ის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის", 2015 წლის შეფასებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ე პოზიციაზეა "უმეტესად თავისუფალი" სტატუსით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" მიხედვით, 2011-12 წლებთან შედარებით, საქართველომ პოზიცია 19 საფეხურით გაიუმჯობესა. საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია რეიტინგის სამივე ფაქტორში, 7 კომპონენტში და 79 ქვეკომპონენტში. ეფექტიანობის გაძლიერების ფაქტორში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 7 საფეხურით. გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - საკუთრების უფლება - გაუმჯობესდა 35 პოზიციით; სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 26 საფეხურით; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 21 საფეხურით; მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალეობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით; არაოფიციალური გადასახადები და ქრთამი - გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 23-ე ადგილზე გადმოინაცვლა 28-ე ადგილიდან; ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება - გაუმჯობესდა 3 საფეხურით; ინფრასტრუქტურის ხარისხი - გაუმჯობესდა 4 საფეხურით; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა - გაუმჯობესდა 11 საფეხურით ; დანახარჯები სოფლის მეურნეობაში - გაუმჯობესდა 26 საფეხურით ; ფინანსური მომსახურების არსებობა - გაუმჯობესდა 7 საფეხურით და ექსპორტის წილი მშპ-ში - გაუმჯობესდა 21 საფეხურით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" "კორუფციის აღქმის ინდექსის", მიხედვით, 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 175 ქვეყანას შორის მე-50 პოზიციაზეა 52 ქულით, ხოლო პირველ ადგილზეა რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) 19 ქვეყანას შორის.

"Moody s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Bა3 სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა (2014). Fitch-მა დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB-", ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა (2014)", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მაისში კავკასიაში პირველად, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში გაიმართება. თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს ირანგის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის 2000-მდე წარმომადგენელი ეწვევა.

"ღონისძიების საქართველოში ჩატარების მიზეზი გახდა - განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, პოტენციალი ინფრასტურქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგიის სექტორებში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.