საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობს დემოკრატიული ცხოვრების წესის დიდი პოტენციალი და სულისკვეთება.
მისივე თქმით, საქართველოში ვერ მოხერხდა დემოკრატიული პოტენციალის თავმოყრა, კონსოლიდირება და მისი ინსტიტუციონალიზაცია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
"ქართველი ძალიან ინდივიდუალისტი ხალხია, მათ სურთ რომ იყვნენ ჩემპიონები. არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები იბრძვიან ცოტა სკამისთვის, არამედ ყველა ქართველს უნდა იყოს საუკეთესო. თუკი ვინმეს ეტყვით, რომ ეს კარგია და ის კარგი არ არის, შეიძლება მისთვის დაცინვა და შეურაცხყოფა იყოს, თუკი არ აღიარებთ რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესია. ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის გარდა, სხვა რამეს ვერ მიიღებთ - თუ არ იქნება თავისუფალი კონკურენცია და შეჯიბრებითობა. საქართველოში არსებობს დემოკრატიული ცხოვრების წესის დიდი სულისკვეთება და პოტენციალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისათვის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე, რომლის მთავარ თემას სწორედ დემოკრატიული პროცესები წარმოადგენს.
ამ კონტექსტში დავით უსუფაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა დემოკრატიული პოტენციალის კონსოლიდირება და ინსტიტუციონალიზება.
ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა.
კონფერენცია იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერისტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, ასევე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს", აშშ-ის საელჩოს და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ნატო-ს წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.