"თავისუფალი ზონა": უნიათო მთავრობას პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ აქვს

"ჰოლიდეინთან" "თავისუფალი ზონის" რამდენიმე აქტივისტი პრემიერის საწინააღმდეგო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემოფარგლული არიან პოლიციის კორდონით. მათ თან აქვთ პლაკატები, "ბიძინა წადი", "გადადექი მთავრობავ", სკანდირებენ "წადი, წადი".

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის მიმართულებით გადააგდეს ლეიბი, შეძახილით "იხტუნავე შენს ბატუტზე".

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლის, ნინო ქაცარავას განცხადებით, "თავისუფალი ზონა" შეიკრიბა სასტუმროსთან, რადგან საქართველოს პრემეირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესკონფერენციას მართავს. ქაცარავას თქმით, უნიათო მთავრობას პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ აქვს.

"21 მარტს ჩვენ წითელი ბარათები ვუჩვენეთ ამ ხელისუფლებას. დღესაც მოვედით აქ, რათა შევახსენოთ მათ, რომ უნიათოები არიან და უნდა გადადგნენ", - განაცხადა ნინო ქაცარავამ.