ბილ უორდი “Black Sabbath”-ს განუდგა

ბილ უორდი “Black Sabbath”-ს განუდგა

ამერიკული მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “Black Sabbath”-ის მედოლე ბილ უორდმა კოლეგებთან გაერთიანებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

მუსიკოსის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის არახელსაყრელი ფინანსური პირობები რომელიც მას ჯგუფში დაბრუნების სანაცვლოდ შესთავაზეს.

უორდის ინფორმაციით, გაერთიანებულ ჯგუფში გამოსვლისათვის მას ისეთი მცირე ანაზღაურება დაუნიშნეს რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მსოფლიო როკ-მუსიკის ვეტერანის მტკიცებით, ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ სცენაზე დამწყები მუსიკოსებიც კი არ გამოდიან.

კულუარული ცნობებით ბილ უორდთან ამჟამად ოზი ოსბორნი მოლაპარაკებას აწარმოებს და იმედი აქვს რომ ურჩ მედოლეს “Black Sabbath”-ში დაბრუნებაზე დაიყოლიებს.

გაერთიანებული “Black Sabbath” პირველ კონცერტს 2012 წლის 18 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩაატარებს. 20 მაისს ლეგენდარული ჯგუფი სანკტ-პეტერბურგს ეწვევა.

რუსეთის შემდეგ მუსიკოსები საგასტროლო ტურნეს შემდეგ ქვეყნებში გააგრძელებენ: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და იტალია.

დღეისათვის ცნობილია რომ “Black Sabbath” ევროპის კონტინენტზე 15 კონცერტს გამართავს. ტურნე მომავალი წლის 24 ივნისს დასრულდება.

ოზი ოსბორნის ინფორმაციით, შესაძლებელია ევროპული გასტროლების დამთავრების შემდეგ ჯგუფი მსოფლიოს იმ ქვეყნებსაც ესტუმროს, სადაც ხანგრძლივი კარიერის დროს არასოდეს ყოფილა.