„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულმა მენაშენეებმა ამავე სამშენებლო კომპანიის ქმედებების ამსახველი ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება მოაწყვეს. ფოტოგამოფენაზე ერთმანეთის საპირისპიროდ წარმოედგინათ ფოტოები, სადაც რჩეულიშვილებისა და კერვალიშვილების ფუფუნებითი ყოფის ფონზე ასახული იყო მათი სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული ადამიანების ცხოვრება; ერთმანეთს ცვლიდა კერვალიშვილების მდიდრული აპარტამენტები და კარკასის მდგომარეობაში დატოვებული სახლები, დაუმთავრებელი მშენებლობები...
სულ მალე „ცენტრ-პოინტის“ წინააღმდეგ სარჩელი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევა სისხლის სამართლის მიმართულებით. მენაშენეებს აინტერესებთ, სად წავიდა „ცენტრ-პოინტში“ მათ მიერ შეტანილი თანხები?!
„კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ „დექსუსისა“ და „ცენტრ-პოინტის“ საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა აფიორა. მთლიანობაში, ეს ერთსა და იმავე მფლობელობაში არსებული კომპანიებია და „დექსუსი“ მხოლოდ ფიქტიური კომპანიაა.
„ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა კერვალიშვილ-რჩეულიშვილის აფიორის შედეგად, რომელსაც ზურგს უმაგრებს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ყველას კარგად ახსოვს, ვინ არის დღეს კერვალიშვილი, ის არის ვიცე-სპიკერი „ნაციონალების“ მხრიდან და შესაბამისად, მისი „სათნოებით“ აღსავსე სახის უკან იმალება სააკაშვილის ავი ღიმილი. მენაშენეებს დამატებით უკანონოდ სთხოვენ თანხის გადახდას, რაც ბევრი მათგანისთვის შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ორჯერ მიჰყიდონ მათ საკუთარი ბინა“, -აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი Presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, ამ ფოტოებზეც ნათლად ჩანს კორუფციული პირამიდის აგურები, მათი უსაზღვრო სიმდიდრე, რაც სხვების სიცოცხლის ხარჯზე შექმნეს.
„აქ წარმოდგენილია მრავალი დაუმთავრებელი კორპუსი, რომელიც ამ 6200 ადამიანის საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო. ამის გამო ბევრმა მათგანმა სახლი გაყიდა, ან წლობით იმუშვა უცხოეთში; რა თქმა უნდა, არის გამონაკლისიც, ვისაც შესაძლოა, სხვა ბინაც ჰქონდეს, მაგრამ ბევრი მათგანი დევნილად იქცა. აქ ჩანს სისხლით მორწყული სასახლეები კერვალიშვილების, რჩეულიშვილების, ქალბატონი მაია იქნება, ბატონი ვახტანგი თუ რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც ფსევდო სათნოებით გამოირჩევა; მას ხშირად ვხედავთ სხვადასხვა დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, სადაც ის, ქველმოქმედის ნიღბით შემოსილი, საუბრობს სიკეთეზე მაშინ, როდესაც ის არის 6200 ადამიანის უბედურების მიზეზი. ამიტომ ეს ფარისევლობა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. ღია სახის დამნაშავე სჯობს ფარისეველ დამნაშავეს, რომელიც ორმაგად დამნაშავეა“,-აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია, რაც სასამართლოს საბოლოო აქტებითაა განმტკიცებული.
„საუბარია ორგანიზებულ დანაშულებრივ ჯგუფზე. ახლა უდანაშულობის პრეზუმციას დავიცავ, რადგან არ მინდა, კონკრეტულად ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ ჩემი ამოცანაა, სამართლებრივი შეფასების პროცედურა დროულად დაიწყოს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვითხოვდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას; რა თქმა უნდა, საკუთარ შვილს ისინი თავს არ მოჭრიან... ვფიქრობ, ეს არ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. პოლიტიკური სისტემის რეფორმა განხორციელდება თუ არა, ერთ-ერთი პირველი საკითხი „ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცედურის დაწყება იქნება, ასევე,- კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანებისაც. „ცენტრ-პოინტში“ ადამიანებს შეტანილი აქვთ 120 ათასი, 78 ათასი, კოლოსალურ თანხებზეა საუბარი“,-აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
აქვე დეპუტატი Presage.tv-ს „ცენტრ-პოინტის“ მიერ თანხების მისაზიდად გამოყენებულ ერთ-ერთ სქემას უმხელს, რაშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც თანამონაწილეობდა.
„გარდა იმისა, რომ „ცენტრ-პოინტმა“ ბინათმშენებლობის კუთხით მიიზიდა თანხები, მანვე „ბიზნეს-კურიერის“ პირდაპირ ეთერში, მაღალი ავტორიტეტულობის მქონე გადაცემაში, შექმნა საინვესტიციო ფონდი. ამით თაღლითური სქემისთვის მეტად ხელსაყრელი ინსტრუმენტი შეარჩიეს; ანუ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეშვეობით სანდოობის მაღალი ხარისხი გამოიყენეს, სადაც მოიწვიეს ბატონი რჩეულიშვილი და მან მეტად მიმზიდველი განცხადება გააკეთა, რითაც, ცხადია, ჩვენი მამების თაობის ადამიანების უმრავლესობა მოტყუვდებოდა. აქ განხორციელდა ზუსტად პირამიდული სქემა, რომელიც თავის დროზე გააკეთა ბანკმა „აჩიმ“, „ოქროს თასმა“; ამ შემთხვევაშიც, ანალოგიური დადაისტური, ტრივიალური მეთოდი გამოიყენეს ფულის მოსაზიდად.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი მაუწყებელი არ არის და მის უკან პოლიტიკურ კონიუქტურას დაქვემდებარებული ძალები დგანან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბატონ ვახტანგს პატივი სცეს იმისთვის, რათა მას მიეზიდა თანხები. შესაბამისად, მოგვიანებით ამ თანხების დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას და კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. მე ბრალმდებელი არ ვარ, მაგრამ პირდაპირ ვაცხადებ, რომ სახეზეა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ „ცენტრ-პოინტს“ არ მოიცავს, არამედ სახელისუფლო რგოლებსა და სხვადასხვა უწყებებსაც, რომლის გამოვლენის ვალდებულება ეკისრება გამოძიებას, რისი იმედიც ამ ხელისუფლების პირობებში არ გვაქვს“,- გვითხრა დეპუტატმა.
„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული ალეკო დოლიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა მიეღო აშენებული ბინა, მაგრამ ამას დაემთხვა ომი, კრიზისი და მშენებლობა გაჩერდა. თუმცა დაზარალებული მენაშენე მიიჩნევს, რომ კრიზისი მხოლოდ ომს არ გამოუწვევია და ეს „ცენტრ-პოინტის“ მიერ დასაწყისშივე იყო დაგეგმილი.
„ეს იყო სამშენებლო ფინანსური პირამიდა, რომელიც ჩვენზე აღასრულეს. ესაა ნათელი მაგალითი, თუ რატომ არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო კერძო კომპანიის საქმიანობაში. სწორედ მაღალჩინოსნების უშუალო ჩარევამ განაპირობა ამ ფირმის წარუმატებლობა. მათ აიძულებდნენ, ისეთ ეკონომიკურად წამგებიან პროექტებში ჩაედოთ ჩვენი ფული, როგორიცაა სასტუმროების ქსელის - „რჩეულის“ აშენება“, -აცხადებს მენაშენე ალეკო დოლიძე.
მისივე თქმით, ეს სასტუმროები „ცენტრ-პოინტის“ მენაშენეების, ანუ მათივე ფულით შენდებოდა. კერძოდ, სასტუმრო ქურთაში, ცხინვალის რეგიონში, რაც უფრო პოლიტიკური პროექტი გახლდათ.
„თუ ოდნავ წარმატებული ბიზნესი გაქვს, ხელისუფლება ეგრევე გავალებთ დამატებით საქმიანობას. აბა, საიდან კეთდება ეს განახლებული ქალაქები?! - ჩვენგან ამოღებული ფულით. ვეღარ გაუძლო ამ კომპანიამ წნეხს. ზოგს შეტანილი აქვს ასი ათასი, ზოგსაც - ორასი ათასი დოლარი; ძირითადად ეს ის ხალხია, ვინც უცხოეთში ცხოვრობდა და ცხოვრობს, აქ გაჭირვებას გაექცა, იქ შოულობდა ფულს და აგზავნიდა. ახლა კი იწერებიან, სამუდამო ლტოლვილებად ვიქეცით, ჩამოსასვლელი არ გვაქვსო. ზოგიერთი, ნაქირავები ბინიდან გაასვენეს, არ ეღირსათ საკუთარი ბინა; ბევრმა თავისი ბინა გაყიდა, ეგონა, ამით გაიუმჯობესებდა საცხოვრებელ პირობებს. ეს ერის ტრაგედიაა. იგივე ლტოლვილები ვართ. ეს თემა ტაბუდადებულია სახელისუფლო კულუარებში, არავინ გვეხმაურება, რატომ არ უნდა შემხვდეს ნაცმოძრაობის რომელიმე დეპუტატი? სარკაზმის შემცვლელია, რომ სააკაშვილი რეგიონებში მოსახლეობას ხვდება, აინტერესებს მათი ყოფითი პრობლემები; ჩვენც ვთავაზობთ, შეგვხვდეს, ჩვენ ხომ არ ვიძახით - „გადადექი, მიშა“; ჩვენ გვაინტერესებს, რომ იმ ქვეყნაში, სადაც თურმე არ არის კორუფცია, ასეთი მასშტაბური აფიორა როგორ განხორციელდა?!“- კითხულობს დაზარალებული მენაშენე.
მისი სიტყვით, „ცენტ-პოინტს“ მათთან დადებული ხელშეკრულებების შესრულება არ შეეძლო, ამიტომაც მონახეს გამოსავალი და „დექსუსის“ სახით სხვა ფირმა მიიყვანეს. მენაშენეები კი დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ „ცენტრ-პოინტი“ აღარ არსებობს, გაკოტრდა, გამოსავალი კი ასეთია, დაამატეთ ფული, გადაიხადეთ დღგ-ს საფასური და სახლს აგიშენებთო.
„ვისთანაც მოახერხეს შანტაჟით საუბარი, შეატანინეს ფული, მაგრამ საქმე მაინც არ იძვრის. ამ ხელშეკრულებას, რასაც „დექსუსი“ დღეს გვთავაზობს, „ცენტრ-პოინტი“ და მაია რჩეულიშვილი ვერ შემოგვთავაზებდა, ვერ გვეტყოდა, ფული დაამატეთო. ამიტომ „დექსუსის“ საშუალებით გველაპარაკებიან. თქვენ იცით, რა სასამართლოც გვაქვს, მაგრამ ამ სასამართლომ კიდეც რომ მიიღოს ჩვენი სასიკეთო გადაწყვეტილება, აღსრულება ვერ მოხდება, რადგან აქაც თვალთმაქცური გარიგებაა, „ცენტრ-პოინტი“ არსად ფიგურირებს; ფიგურირებს მხოლოდ ევრაზიის განვითარების ფონდი, რომლის უკანაც დგას „ცენტრ-პოინტი“. ამიტომ აღსრულება რომც დადგეს, ევრაზიის განვითარების ფონდს უნდა ჰქონდეს ქონება. ამ შემთხვევაში, ქონება მას არ აქვს“,- აღნიშნავს ალეკო დოლიძე.
ამასთან, დაზარალებულ მენაშენეს აინტერესებს, ნუთუ ეს არის განახლებული, აყვავებული ქალაქი? „საშინელებაა, ნანგრევებია, გეგონებათ, საომარი მოქმედება მიმდინარეობს. უნდა მორჩეს სპექტაკლების დადგმა შენობებთან. ეს არის უსახური, მიტოვებული შენობები. ტურიზმზე რომ ლაპარაკობენ, ის ტურისტი მარტო აღმაშენებელზე ისეირნებს? არ შეიძლება, ერთი უბნის მაგალითზე ქვეყანა ააშენო“.
ადვოკატი და „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული მარინა კორძაძე ელიტარულ კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ელიტარულ კორუფციას ჩვენს ხელთ არსებული მრავალი მტკიცებულება ადასტურებს. დღეს მენაშენეებს სრულად აქვთ შეტანილი თანხა, მაგრამ საჯარო რეესტრში საკუთრებას არ ურეგისტრირებენ და დამატებით სთხოვენ ისეთ თანხებს, რომლებიც არ ეკუთვნით: ესაა დამატებითი ღირებულების გადასახადი. ისეთი სურათი იქმნება ქვეყანაში, თითქოს გვიშენებენ სახლს, რაღაც კონდიციამდე მიუყვანიათ მშენებლობა, მაგრამ თურმე ჩვენ გადასახადის გადახდა არ გვინდა. ასეთ სურათს ხატავს „დექსუსი“. ამით პატიოსნების სახელი ენიჭება „დექსუსს“ და „ცენტრ-პოინტს“. არადა, ეს არის თაღლითური სქემა. საგადასახადო კოდექსით, რაც ოფიციალურადაც მივიღეთ, დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გვეკუთვნის. ისინი კი უკან მაინც არ იხევენ, ამიტომ მათი მხრიდან მომავალი საკუთრების რეალიზაცია გვემუქრება“,- აცხადებს მარინა კორძაძე.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებით უნდა დაიწყოს. ამასთან, მსვლელობა უნდა მიეცეს, თუ სად წავიდა მენაშენეების 99 %-ის მიერ შეტანილი თანხები?
„სად წავიდა „პროპერთი ინვესტის“ დამფუძნებელის ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ ორ მილიონ-ნახევარი თანხა? ეს ფინანსური დანაშაულია. ჩვენ საჩივარი გამზადებული გვაქვს, ორი ამდენი ტომი გვაქვს მომზადებული და შევიტანთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, შსს-ში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში“,- გვითხრა მარინა კორძაძემ.