ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს. საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი განიხილავდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე სოფიკო ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობდა, მისმა ადვოკატებმა მაგული ღვალაძემ და მამუკა ნოზაძემ კი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, სოფიკოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს 10 000 ლარის ოდენობით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის თქმით, სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძიებას ხელი შეეშალოს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. წინასასამართლო სხდომა კი 2012 წლის 9 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ
გაზეთ „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი 31 იანვარს დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, იგი 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული.
სოფო ნიკოლაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ „კახეთის ხმაში“ ეწეოდა. სოფოს მამა
დავით ნიკოლაშვილი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტია. დავით ნიკოლაშვილი შვილის დაკავებას მის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად აფასებს.
21 წლის გიორგი სიბაშვილი, რომლის მკვლელობის მცდელობისთვისაც ჟურნალისტი დააკავეს, შსს-ს კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, მისი მამა გოჩა სიბაშვილი კი - გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი სიბაშვილი კახეთის ვიცე-გუბერნატორის, გოგიტა სიბაშვილის ძმისშვილია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფიკო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ. სოფიკო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
ჟურნალისტის დაკავება მეტად საეჭვო გარემოებებში მოხდა, რაც უფლებადამცველებში იმთავითვე ეჭვს ბადებს. დამოუკიდებელი უფლებადამცველების აზრით, ის მოტივი, თითქოს სოფიკო ნიკოლაშვილმა გიორგი სიბაშვილის მოკვლა სცადა, რომელიც თურმე უყვარდა, დამაჯერებლობას მოკლებულია. სამაგიეროდ, ჟურნალისტის დაკავების ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ მამამისი დავით ნიკოლაშვილი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტია.
თავად დაკავებულის მამა, მისი ქალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის მცდელობაზე საუბრობს და მისივე განმარტებით, გოგონა მხოლოდ თავს იცავდა. მეტიც, დავით ნიკოლაშვილი გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა: „მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა“, – აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა. მისივე თქმით, შვილმა მისი იარაღი სეიფიდან მოიპარა.
ამასთან, დავით ნიკოლაშვილი უფლებადამცველებს სთხოვს, დაინტერესდნენ მისი შვილის საქმით და დარღვევებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
„სპეციალურად გამიკეთეს, რომ გავემწარებინე, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდე. უფრო მეტიც, გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ“, - განუცხადა დავით ნიკოლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ჟურნალისტის აყვანის ფაქტიც მეტად უცნაურ გარემოში მოხდა. გიორგი სიბაშვილმა თურმე თავად გაანეიტრალა სოფიკო ნიკოლაშვილი და თავადვე მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე Presage.tv-სთან საუბარში სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს იმ კვალიფიკაციას, რომელიც სოფიკო ნიკოლაშვილს მიუსადაგეს.
„ე.წ. დანაშაულის კუთხით შერჩეული კვალიფიკაცია ჩემში სერიოზულ ეჭვს იწვევს, ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობას, ანუ მკვლელობის მცდელობას. საინტერესო დეტალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმდენად პირადი, ინტიმური მოტივია დაფიქსირებული, რომელიც ეხება თითქოსდა შეყვარებულ წყვილს შორის ანგარიშსწორებასა და ურთიერთობის გარკვევას, რომ მიმაჩნია, ეს არის სწორედ მიმართული იმ პოლიტიკური კონიუქტურიდან და იმ კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, რასაც სოფიკო ნიკოლაშვილის მამის, ბატონი დავით ნიკოლაშვილის ჩართვა ჰქვია საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“. ესაა მისი ნეიტრალიზაციის მცდელობა“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, დავით ნიკოლაშვილს გააჩნდა ძალიან სერიოზული ავტორიტეტი გურჯაანის რაიონში. სავარაუდოდ, მის გარშემო თავს იყრიდა სხვადასხვა ავტორიტეტული ადამიანი. ამიტომ ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, დავით ნიკოლაშვილი შეეჩერებინათ და მისი პოლიტიკური აქტივობის ნეიტრალიზება მოეხდინათ. ამდენად, დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ მამის გასაჩერებლად აირჩიეს მისი ყველაზე სუსტი წერტილი.
„ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ეს სუსტი წერტილი, ესენი არიან ჩვენი შვილები. ძალიან ხშირად სწორედ შვილებზე მანიპულირებით ხდება ასეთი მიზნის მიღწევა. თუმცა არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან საქმის მასალებს პირადად არ ვიცნობ. ზოგადად, სწორედ დანაშაულის მოტივის გაჟღერება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს არის შეთითხნილი, ფაბრიცირებული საქმე. ეს არის ინტიმური თემა, შეყვარებული იყო და რა მერე? იეჭვიანა, ფიზიოლოგიურ აფექტში ჩავარდა და მამამისის იარაღს წამოავლო ხელი, გაეკიდა, უნდა მოგკლაო? ეს არადამაჯერებელია. მით უმეტეს, თუ შეყვარებული იყო, ე.ი. მკვლელობის განზრახვის მოტივზე პირიქით უნდა ვიმსჯელოთ. არა ის, რომ თავისი შეყვარებულის მოკვლა უნდოდა, არამედ იქ არის ზუსტად სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მკვლელობის მცდელობას და ამ კვალიფიკაციას,“ – მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„კონსერვატული პარტიის” წევრი და „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ჩხარტიშვილი პირველ რიგში, მორალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.
„თვით ნაციონალებისთვისაც კი ფრიად იშვიათი არაადამიანობა და არაკაცობა იყო, რაც ჩვენ გავიგეთ კახეთში მომხდარი ფაქტის თაობაზე, როდესაც პოლიციელმა, ახალგაზრდა ბიჭმა ჟურნალისტი გოგონა მასზე თავდასხმის ბრალდებით დააჭერინა. ამ შემთხვევაში, რაიმე მორალზე, ზნეობაზე საუბარი ზედმეტია. თანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბიჭის ახლო ნათესავი გუბერნატორის მოადგილეა. საეჭვოა ისიც, რომ გოგონა ჟურნალისტია, ხოლო მისი ოჯახი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ეს სცენა დადგმული იყო და ამ ადამიანის დაკავების მიზეზეზები რეალობას არ შეესაბამებოდა“, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი Presage.tv-სთან კომენტარისას.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ 20 წლის გოგონას წინაღმდეგ სამარცხვინო პროვოკაცია განხორციელდა. მამაკაცები კი იქამდე დაეცნენ, რომ საკუთარი ხელფასის გამო ასეთ ბრალდებებს უყენებენ გოგონებს.
„პოლიციელი ახალგაზრდას საქციელი იმდენად მძიმე იყო, რომ ასეთი ადამიანები საკუთარი თავის გაუპატიურების ცრუ ჩვენებასაც კი მისცემენ, თუ ამას უბრძანებს პარტია. ეს დიდი უსინდისობაა. ეს ტერორის ჩვეულებრივი მეთოდია, უკვე დამკვიდრებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც და ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვინც არ ეგუება უსამართლობას და არ ასრულებს ხელისუფლების ბრძანებებს. მათ შორის, არ წერს სიცრუეზე აგებულ სტატიებს და არ ასრულებს მათ უკანონო ბრძანებებს“, – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
Presage.tv დაუკავშირდა ადვოკატ მარეხ მგალობლიშვილს. ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ მარეხ მგალობლიშვილის საქმეში ჩართვას აპირებდა. თუმცა ადვოკატმა კომენტარის გაკეთებისგან იმ მოტივით შეიკავა თავი, რომ საქმეში ჩართული არ ყოფილა.
„ჩვენს ორგანიზაციას – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საქმეში ჩემი ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლია, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. მარტო ეს მუხლი არ წაუყენეს, არამედ აქ მე-19 მუხლიცაა, რაც მკვლელობის მცდელობას ნიშნავს, ანუ დანაშული დასრულებული არ არის. კიდევ აქვს სხვა მუხლი – იარაღის უკანონოდ ტარება. შეკრებითობის პრინციპი თუ ამოქმედდა, დაახლოებით 18 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – აცხადებს მარეხ მგალობლიშვილი.
მისი თქმით, მართლია, პატიმარი არ უნახავს და მას არ გასაუბრებია, მაგრამ მასზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ჯერჯერობით მისთვის ცნობილი არ არის.
ჩვენ დაკავშირება ვცადეთ სოფიო ნიკოლაშვილის მამასთან, მაგრამ დავით ნიკოლაშვილს მობილური გამორთული ჰქონდა.