ნატო უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ გეგმავს

ნატო უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ გეგმავს

ნატო უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების გადახედვას არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ალასანია იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებებს არც საქართველოს მთავრობა გეგმავს.

"ვერშბოუსთან შეხვედრაზე პრაქტიკულად დეტალურად გავიარეთ ის შეთანხმება, რაც ჩვენს მიერ მიღწეულ იქნა უელსის სამიტზე. მე მინდა თამამად ვთქვა და ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ ნატოს მხრიდან ამ გეგმაში არაფერი არ არის შეცვლილი. ყველა დეტალზე, რომელიც შეთანხმებული იყო, მომდინარეობს იმპლიმენტაციის პროცესი. პრინციპულ საკითხზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, ნატოს მხრიდან არავითარ შემთხვევაში რევიზია და გადახედვა იგეგმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული მხარეც არანაირ რევიზიას არ გააკეთებს და ამ ერთობლივი ცენტრის გახსნა ჩვენი ნატოსთან დაახლოების გზაზე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიახ, საქართველოს და ნატოს ერთობლივი ინფრასტრუქტურა. რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს თავდაცვითი უნარიანობის ამაღლებაშიც და ბუნებრივია შემდგომ ნატოში გაწევრიანებაში", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და ვიქტორ დოლიძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ. შეხვედრა ალასანიასა და დოლიძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრტებიდან" აცნობეს, მხარეებმა უელსის სამიტის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნატო ადასტურებს უელსის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის უცვლელ მიმდინარეობას და გამოთქვა იმედი, რომ რაიმე სახის ცვლილებებს არც ქართული მხარე გეგმავს. ,

,თავისუფალი დემოკრატების" ვიზიტი ბრიუსელში სამ დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის ლიდერებთან და მოსმენა ALDE ჯგუფთან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ე. წ. ,,კაბელების საქმის" თემასაც განიხილავენ.