"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე.

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, რომ კონსულტაციები გამართოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, ნიშნავს თუ არა "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია იმას, რომ აღნიშნული პარტია მხარს არ დაუჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ "თავისუფალ დემოკრატებთან" უახლოეს პერიოდში დაიწყება კონსულტაციები და ამის შემდეგ გახდება მათი პოზიცია ცნობილი.

"ამ წუთისთვის არ ვიტყოდი, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მხარს არ გვიჭერენ. უახლოეს დროში უნდა დაიწყოს კონსულტაციები, რის შემდეგაც შეგვეძლება ამაზე საუბარი", - განაცხადა სერგო რატიანმა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლების უუნარობა და უნიათობა და ის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო გამოწვევებს, არის მიზეზი, რის გამოც უნდა დადგეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

"ფაქტია, მთავრობა გამოწვევებს ვერ უძლებს. ამისათვის მუშაობას დავიწყებთ როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.