ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 21 მარტის აქციას გამოეხმაურა. კალაძემ განცხადება ტყიბულშიგააკეთა, სადაც ადგილობრივებს გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა.
"არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი დესტრუქციული ჯგუფი, არც ერთი ვაი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" იმის იმედით, რომ ხალხი გულმავიწყი და შენმდობია, ეყო თავხედობა და მიტინგის საშუალებით, მოსახლეობის სახელით სცადა ესაუბრა, მაგრამ მოსახლეობამ მას შესაბამისი პასუხი გასცა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა გაბედოს და დააშინოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, დაატეროროს მოქალაქეები, დააჩმოროს ჩვენი ქვეყნის ჩვეულებრივი ადამიანები. ეს დრო არასდროს აღარ დაბრუნდება საქართველოში. ეს ყველაფერი არის წარსული...ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე. ეს არის ხელისუფლების და ხალხის მიერ ერთად დაგეგმილი რეალობა – ყოველდღიურად, სისტემატურად მოგვთხოვეთ, დაგვეხმარეთ და ხელი შეგვიწყვეთ ვიმუშაოთ პროგრესის მიმართულებით, ეს არის საქართველოს გაძლიერების გეგმა. ეკონომიკური წინსვლა ესაა ჩვენი მომავალი და გამორიცხულია ვინმემ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო მას ხელი შეუშალოს. მინდა ყველა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ მთავრობა, ხელისუფლება არის ყოველთვის თქვენს გვერდით, ხალხის გვერდით. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - მიმართა კალაძემ ტყიბულელებს.