ლიტვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბენედიქტას იუოდკა ყველას მოუწოდებს, საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კარი გააღონ.
საგენტო ELTA ლიტველ დეპუტატზე დაყრდნობით წერს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიღება აუცილებელია. ამასთან ერთად ლიტვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ მალავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროცესის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთია.
"ბელორუსიის, უკრაინის, საქართველოსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა", - განაცხადა ბენედიქტას იუოდკამ.
მაისში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე, არაერთ საკითხთან ერთად საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პერსპექტივებიც განიხილება.