ლარის კურსის დაჭერა, დასაქმება, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა – სასამართლო კი, ამ ყველაფერზე მაღლა დგას

ლარის კურსის დაჭერა, დასაქმება, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა – სასამართლო კი, ამ ყველაფერზე მაღლა დგას

ლარის კურსის დაჭერა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება, დასაქმება და კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა – სასამართლო კი, ამ ყველაფერზე მაღლა დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც მან ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარადინა.

"მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან მტკიცე ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს. სასამართლო, რომელიც არ არის ვალდებული, ძალიან ბევრი რამის გასასწორებლად, რაც ჩვენი, პოლიტიკოსების ინტერესებშია. ლარის კურსის დაჭერა ჩვენი საქმეა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება ჩვენი საქმეა, ყოველდღიური დასაქმების პრობლემები ჩვენი საქმეა, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა – სასამართლო დგას ყველაფერ ამაზე მაღლა. ერთადერთი ინტერესი, რომელიც სასამართლოში არის წარმოდგენილი, კანონი და სამართალია და მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯს. ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს მთავარს – ერთეულ ადამიანს, მის ინტერესებს და ამ სახელმწიფოში მისი ცხოვრების, მისი არსებობის, მისი სამართლიანი განცდის მთავარი გარანტი იყოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, მედიას, პარლამენტს, ასევე ნინო გოგუაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უზენაესი სასამართლოს ახალი კანდიდატურის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნინო გვენეტაძემ ურთულესი ერთი თვე განვლო, როდესაც მთელი ქვეყნის ყურადღება მის მიმართ იყო მიმართული.

"ყველამ ვნახეთ ისიც, ეტყობა ეს ქალბატონ ნინოს ბედია, რომ ყველაფერი ძალიან რთულად, მაგრამ საბოლოოდ მიიღწევა მის მიერ. ასეთი გრძელი განხილვა საქართველოს ისტორიაში მგონი არც ერთ კანდიდატს არ ჰქონია", - დასძინა პრეზიდენტმა.