დავით კერესელიძემ პოლონული რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა

დავით კერესელიძემ პოლონული რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას რომელიმე მედიასაშუალება ფლობდეს. ამის შესახებ დავით კერესელიძემ პოლონული რადიოს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირს თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის რიგის სამიტზე შესათავაზებელი არაფერი აქვს.

"მე არ მგონია, რომ რომელიმე რადიო, ან მედიასაშუალება იყოს ის ოფიციალური ორგანო, რომელმაც უნდა დაწეროს, ან შეადგინოს დეკლარაცია. ნებისმიერი ასეთი რანგის სამიტების დეკლარაციები არის შიდა დოკუმენტი. ეს განიცდის განვითარებას, რედაქტირებას გარკვეული პერიოდის მანძილზე. რიგის სამიტამდე 2 თვეა დარჩენილი. მე არ მგონია, რომ ესეთი დოკუმენტი საერთოდ არსებობდეს, მაგრამ თუ დავუშვებთ რომ ის არსებობს, ეს არ იქნება ჯერ კიდევ საბოლოო ვარიანტი, რადგან 2 თვეა ჯერ კიდევ სამიტამდე და როგორც წესი, დეკლარაციებზე მუშაობა ყოველთვის ბოლო წუთამდე მიმდინარეობს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

რაც შეეხება რიგის სამიტის მოლოდინებს, მისი თქმით, ქართულ მხარეს არაერთხელ უთქვამს რა მოლოდინი აქვს ამ სამიტისგან.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ სამიტზე იქნება მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა და მესიჯები როგორც იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ევროპულ კავშირს არაფერი აქვს შესათავაზებელი თავისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელიც ხელთ ჩაუვარდა Pოლსკიე რადიო-ს, არაფერია ნათქვამი ევროკავშირის სავიზო შეთანხმების შესახებ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

"უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - პროექტ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსიდან სამი ქვეყანა, რომლებსაც ევროკავშირთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, იმედოვნებენ მკვეთრ სიგნალებს ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ რიგის სამიტზე მათ არ ელოდებათ დამაიმედებელი სიახლეები. დეკლარაციის პროექტის რედაქციაში არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ. საუბარია მხოლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ არჩევანზე.

გარდა ამისა, კიევი და თბილისი იმედოვნებენ, რომ სამიტის დროს გაჟღერდება კონკრეტული ვადები უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, მაგრამ დეკლარაციის პროექტში მითითებულია, რომ პროგრესი გატარებულ რეფორმებზეა დამოკიდებული.

თუმცა, შესაძლოა, რომ პროექტში შესწორებები ჯერ კიდევ შევიდეს", - აღნიშნაულია პოლონური მედიასაშუალების ინფორმაციაში.