აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ

აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოდანაშაულებთან და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, სადაც სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკები უკანონოდ ჩააქვთ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველზე ხშირად ნარკოტიკებით უკანონოდ მოვაჭრეებს ნარკოტიკული ნივთიერებები ავღანეთიდან და ირანიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით გააქვთ.

ანგარიშში მოყვანილია საქართველოში ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სტატისტიკაც. "არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნარკოტიკების ინტრავენური წესით მომხმარებელთა რიცხვი 4.5 მილიონიან მოსახლეობაში დაახლოებით 45 000-ია. ნარკოტიკების ინტრავენური წესით მოხმარების შემთხვევები დაბალია ახალგაზრდებსა და ქალებს შორის" - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია 2014 წლის ივლისში ბათუმის პორტთან 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტზეც, რომელიც ისტორიაში სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე მსხვილ შემთხვევას წარმოადგენს.

ანგარიშში ასევე საუბარია 2014 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ ტრენინგების სახით საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ. "აშშ-ის დახმარება მოიცავდა საქართველოს პოლიციის, გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის გაწეული არაერთი ტრენინგის ჩატარებას, რათა განევითარებინათ ნარკოდანაშაულების გამოძიებების შესაძლებლობები; და ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნას" - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია 2014-2015 წლებისთვის საქართველოს მიერ ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც: "სტრატეგიის მიზანია ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის შედეგად გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება".

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მიიღო ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ახალი კანონი და შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოდანაშაულების შესახებ არსებულ კანონებში. "საქართველომ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ ფარმაცევტული ნივთიერებების სია, რომლის მისაღებადაც მსურველს სამედიცინო რეცეპტი სჭირდება. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივღიერებების შემოტანის ფაქტები 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 90 პროცენტით შემცირდა" - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, აშშ მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ; თავის მხრივ კი აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ტრენინგებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით.