გიორგი კვირიკაშვილი - ჩინეთი ევროკავშირთან ჩვენი სავაჭრო შეთანხმებით უნდა დავაინტერესოთ, რათა საქართველო ლოჯისტიკურ და საწარმოო ჰაბად გამოიყენოს

გიორგი კვირიკაშვილი - ჩინეთი ევროკავშირთან ჩვენი სავაჭრო შეთანხმებით უნდა დავაინტერესოთ, რათა საქართველო ლოჯისტიკურ და საწარმოო ჰაბად გამოიყენოს

ჩვენგან დანახული ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა, ფაქტობრივად, ჭიშკარია ევროპისთვის აზიისკენ და პირიქით.
"გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ყველა მეზობელთან და გასული წლის შემდეგ, უკვე ევროკავშირთანაც. ჩვენ გვაქვს რეალურად დაბალი გადასახადები. საქართველოში არის სტაბილური გარემო, გამოვირჩევით დემოკრატიის ხარისხით, გვაქვს კორუფციის დაბალი დონე და მარტივი ბიზნესგარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს განიხილება, როგორც ძალიან საინტერესო ადგილი. ამ თვალსაზრისით, ჩვენგან დანახული ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. დღემდე ჩვენი ეკონომიკური აქტივობა მიმართული იყო მეზობელი ქვეყნებისკენ, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ისკენ, გამოდინარე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა საკმაოდ შეზღუდულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ჩინეთის ეკონომიკურად გაააქტიურება ამ რეგიონში კარდინალურად ცვლის სურათს. 
"ჩინეთის საერთაშორისო გადატვირთვების 1%-იც რომ წამოიღოს საქართველომ თავისი სატრანსპორტო კორიდორში, ფაქტობრივად, ტვირთბრუნვა გაორმაგდება, ამიტომ ჩვენი მიზანია, ჩინეთი დავაინტერესოთ და მეტიც, ტვირთი გადაზიდოს საქართველოს მეშვეობით. გასულ თვეში პირველი კონტეინერმზიდი მატარებელი მივიღეთ ჩინეთიდან, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, 9 დღეში ჩამოვიდა. ასევე უნდა დავაინტერესოთ ჩინეთი ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან, რათა საქართველო ლოჯისტიკურ და საწარმოო ჰაბად გამოიყენოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ვიზიტი ჩინეთში. ჩვენგან დანახული პერსპექტივა კარგად ემთხვევა ჩინეთიდან დანახულს. ეს უკვე გამოიხატა შარშან ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაში "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელის" აღდგენის შესახებ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, რატომღაც ობივატელის დონეზე მიჩნეულია, რომ საქართველო არის ერთადერთი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ასე არ არის. 
"თუ წარმოვიდგენთ ევრაზიას გულად, გარშემორტყმულს კორონარული არტერიებით, მათ შორის, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოზე გადის. ჩვენი ვალია, ეს არტერია იყოს მაქსიმალურად გახსნილი, მარტივი, ქმედუნარიანი და დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტური. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკური სარტყელის შესახებ ინიციატივის პირდაპირი გამოძახილია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 
მისივე თქმით, ჩინეთი ე.წ. ვერტიკალურად იმართება.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ., ეკონომიკური აქტივობის ექსპანსია მოხდეს კონკრეტული მიმართულებით, ვერტიკალურად გადაეცემა შესაბამის სტრუქტურებს. ეს სტრუქტურები კი გახლავთ ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც ფაქტობრივად, ეკონომიკის სამინისტროა და ფონდები, რომლებიც აბრეშუმის გზის განვითარებისთვის შეიქმნა. 40-მილიარდიანი "აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრა ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. პირდაპირ გამოიხატა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამ ფონდის მიერ დაფინანსების სურვილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.