მუსიკალური გამოცემა “Contact Music”-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის წევრებმა ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ახალი ვოკალისტი აიყვანეს. ამ საპატიო მისიას ამერიკული შოუ-პროგრამა “American Idol”-ის ერთ-ერთი ფინალისტი ადამ ლამბერტი შეასრულებს. ახალგაზრდა მუსიკოსმა ჯგუფთან ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
მიმდინარე წელს ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ეს ღონისძიება “Queen”-ის დაარსებიდან ორმოცი წლისთავს ეძღვნება.
ამ ტურნეში მეისთან, ტეილორთან და ლამბერტთან ერთად სცენაზე სხვა მუსიკოს-შემსრულებლებიც გამოჩნდებიან. ისინი “Queen”-ის პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს შეასრულებენ.
გასული წლის 6 ნოემბერს ლამბერტმა და მეი-ტეილორის წყვილმა მონაწილეობა მიიღეს “MTV EMA”-ს ჯილდოების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში. მათ ერთად შეასრულეს “Queen”-ის სამი პოპულარული კომპოზიცია – “The Show Must Go On”, “We Will Rock You” და “We Are The Champions”. ამ კონცერტის შემდეგ ბრაიან მეიმ ლამბერტს თანამშრომლობა ოფიციალურად შესთავაზა.
მომავალი საგასტროლო ტურნე რომლის სახელწოდებაა “Extravaganza Tour” 2012 წლის მაისში დაიწყება. მუსიკოსები თავდაპირველად რამდენიმე კონცერტს აშშ-ში ჩაატარებენ, შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებენ.