ბიძინა ივანიშვილი - ნეპოტიზმზე კონტროლი ყოველთვის გვექნება

ბიძინა ივანიშვილი - ნეპოტიზმზე კონტროლი ყოველთვის გვექნება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ისევ იქნება ისეთივე ფაქტები, როგორც იყო ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. 
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" მთავრობაში ნეპოტიზმზე საუბრისას განაცხადა, მისი ერთ-ერთი გეგმა ნეპოტიზმზე მუდმივი კონტროლია. 

"პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით და მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა. ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე კომენტარი მანაც გააკეთა, მეც მომიწია განმარტებების კეთება. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. ასეთი ფაქტები თუ იქნება, კიდევ გავაკეთებთ რეაქციას. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, "20/30"-ის ჯგუფი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.