თეა წულუკიანი:  ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ნამდვილად არავისგან არაფერი გვესწავლება

თეა წულუკიანი: ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ნამდვილად არავისგან არაფერი გვესწავლება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობას ანტიკორუფციულ პოლიტიკაში არავისგან არაფერი ესწავლება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტების და ჯგუფების შექმნაზეა საუბარი.

"დღეს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკა არის წარმატებული და გრძელდება. ჩვენ უფრო წარმატებული ვართ ვიდრე წინა ხელისუფლება, რადგან ელიტური კორუფციაც არის აღმოფხვრილი. თუკი ვინმეს ხელი რამეზე წაუცდება, ისჯება მკაცრად. აქედან გამომდინარეა სწორედ ის შარშანდელი რეიტინგი, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. ეს ბრძოლა გრძელდება, შესაბამისად, ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ნამდვილად არავისგან არაფერი გვესწავლება", -განაცხადა წულუკიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გეგმის ერთი ნაწილის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტები და ჯგუფები. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, "ანტიკორუფციული კომიტეტები ადგილებზე ამხელენ გუბერნატორებს, გამგებლებს იმ კორუფციაში, რომელიც მთელს საქართველოში ტრიალებს და არ მოასვენებენ ადგილობრივ გათავხედებულ ჩინოვნიკებს".