დასავლეთმა ყველა ინსტრუმენტი უნდა განიხილოს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ, მაგრამ იარაღის გაგზავნამ, ან უმოქმედობამ, შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
"უკრაინაში ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური ინსტრუმენტები. ჩვენ, დასავლეთმა ჩვენი ყველა ინსტრუმენტი უნდა განვიხილოთ საპასუხოდ. შეიძლება, ეს იყოს მადესტაბილიზებელი? - პასუხი არის - დიახ. უმოქმედობაც შესაძლებელია მადესტაბილიზებელი ფაქტორი იყოს", - განაცხადა ბრიდლავმა კითხვაზე, ემხრობა, თუ არა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
მისივე თქმით, ნატოს ეჭვი ეპარება, რომ დონბასში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებული მინსკის შეთანხმება შესრულდება.