ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივან იანის სარტსთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე საიმონ ფრეიზერთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრები ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმის (GMF) ფარგლებში გაიმართა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში განვითარებული მოვლენების განხილვას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას დაეთმო, კერძოდ, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. სახელმწიფო მინისტრმა ლატვიურ და ბრიტანულ მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულებების დაგმობის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ნატო-ს მომავალი სამიტისა და რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წარმატება მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის წამომადგენელმა, დაადასტურა ლატვიის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. იანის სარტსის თქმით, ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში.