"ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
"რომელ 50 ათასზეა საუბარი, 10-11-12 ათასზე მეტი ადამიანი აქციაზე არ იყო. მე მგონი მთელი საქართველო დაიარეს, მგონი ფულიც გადაუხადეს. იმ ხალხის ჯიბიდან აქვთ ეს ფული ამოღებული და თუ გადაუხადეს ცუდი არ არის. მათ დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აყენებს თუ არა კობახიძე შეურაცხყოფას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა.
"თუ რამე არასწორად გამომივიდა ბოდიშს ვიხდი. დავაზუსტებ: ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრი გამოხატოს, მაგრამ აქციაზე იყვნენ "ნაციონალების" ოჯახის წევრები, დაპატიმრებული მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა ოჯახის წევრები, ნათესავები, მათი კოორდინატორები, რომლებიც ხელფასებს იღებენ მათგან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იქ მივიდნენ. ასევე - "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაცას შეცვლის მათ სასარგებლოდ. საზოგადოება იქ არ მისულა. ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთხელ უთხრა "არა", გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან და ახლა რა თქმა უნდა, მათ დაძახილზე საზოგადოება იქ არ მივიდოდა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.