,,თავისუფალმა დემოკრატებმა" პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ირაკლი ალასანიას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
"თავისუფალი დემოკრატების" განმარტებით, მთავრობის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს.
"ჯერ კიდევ აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თავისუფალი დემოკრატების სიტყვას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, პროგრესსა და სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ამ ყველაფრის უზრუნველყოფის უნარი. ამიტომაც ჩვენ, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას. მთავრობა უნდა შეიცვალოს და ამის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს, უმოკლეს დროში", - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანს განცხადებით, ისინი მთავრობის გადაყენების პროცედურებს დაიწყებენ, რასთან მიმართებაშიც "თავისუფალი დემოკრატების" მხარდაჭერის იმედი აქვთ.