საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი აქციის მიზანი მხარდამჭერების შენარჩუნება და არა მთავრობის გადადგომა იყო.
დეპუტატის თქმით, ერთი თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე ოპოზიციამ დიდი რესურსი დახარჯა და ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 ათასამდე ადამიანისა და აქტივისტის მობილიზება შეძლო. სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქციის მასშტაბის გათვალისწინებით "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე პოლიტიკურად ვერ მიაღწევს.
"ერთი თვე ემზადებოდნენ, ფული დახარჯეს, ამხელა მედიარესურსი აქვთ, "რუსთავი 2" აიღეთ და სხვა ტელევიზიები, რომლებიც ხელს უწყობენ, ამას დამატებული ამხელა ტრიბუნა პარლამენტის სახით, სადაც 50 დეპუტატი ჰყავთ დაახლოებით, ყველა საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტ ადამიანს, რომ ვერ შეკრებ კრახია, აბა რა არის. ტრანსლაციას ვაკვირდებოდი და "რუსთავი 2" მხოლოდ ერთი რაკურსით აჩვენებდა მოედანს. მე როგორც ვიცი, კამერა 360 გრადუსით ტრიალდება და "რუსთავი 2"-ის კამერა 45 გრადუსიან რაკურსს ვერ გასცდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გასაგებია ჩემთვის, რომ ისევ პროპაგანდაზე, შავ პიარზე აგებული პოლიტიკით უნდათ, რომ ქვეყანას შეუშალონ ხელი. ეს არის მათი ამოცანა, რაც მე ვფიქრობ, დღეს პოლიტიკური კრახით დასრულდა და დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად ვერ მიატანს", - განუცხადა "პირWელს" სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავადაც დარწმუნებულია, რომ მთავრობის გადაყენებას ვერ შეძლებს.
"როგორც გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ კრუნჩხვებშია, რადგან ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ მათ მთავრობის გადაყენების არც თავი აქვთ და არც საშუალება. მეტიც ქართული საზოგადოება მათ დაკრულზე სიარულს არ დაუშვებს. ჩვენს ხელისუფლებას თუ რამე შეცდომები აქვს, ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს და თავად გამოასწორებს. რაც მთავარია ქვეყანაში დემოკრატიული გარემოა და ადამიანი ადამიანობს. მე ვფიქრობ, ამ აქციის მიზანი არა მთავრობის გადაყენება, არამედ საკუთარი აქტივის შენარჩუნება იყო. ძალიან კარგად ხედავენ, რომ თავიანთი ტყუილის პოლიტიკის ფარგლებში, სულ უფრო მეტი მხარდამჭერი აკლდებათ", - განაცხადა სესიაშვილმა.