ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება "თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა".
"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდობა მთლიანად გაფლანგა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებრივ ყველა დაპირება – ტყუილი იყო დაპირება დენის და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოხნავდნენ, მიწას დაამუშავებდნენ და შემდეგ უფასოდ მიიტანდნენ გასაღების ბაზარზე. ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულისა და ბანკებიდან კრედიტების შესახებ. ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-შიც შეგვიყვანდნენ.
ახლა საკითხი ასე კი არ დგას, ვინ რომელ პარტიაში ვართ და ვის როგორი წარსული და შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე – მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავისი საცეცებით, მოვაშორებთ თუ არა ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ვარდნის და უკუსვლის გაჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მისი გაგრძელება არის სრულიად დაუშვებელი.
"დღეს, როგორც არასდროს მძაფრად დგას საკითხი – საქართველოს, ჩვენი მომავლის გადასარჩენად ხელისუფლებას უნდა მოშორდეს რუსი ოლიგარქი და მისი უნიათო და ძალიან მავნე, დამანგრეველი მთავრობა თავისი წარმომადგენლებით. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და მან გააგრძელოს წინსვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.