იემენის დედაქალაქ სანააში ორ მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა.
თავდასხმა ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მათ შიიტი ჰუსიტების მეჩეთებში იმ დროს აიფეთქეს თავი, როდესაც მუსლიმანები პარასკევის ლოცვას ესწრებოდნენ. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეჩეთის იმამიცაა.
შიიტი ჰუსიტები ყოფილ პრეზიდენტს, ალი აბდულა სალეჰს უჭერენ მხარს, რომელიც 2011 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს გადადგა.
ჰუსიტებმა გასული წლის სექტემბერში მთავრობაზე კონტროლი დაამყარეს. მომხდარის გამო, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.