"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს, საკითხი, რამდენად ძლიერია "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპოზიციური ძალა, აღარსად დგას. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა და ამისთვის მრავალათასიანი მიტინგები არ არის საჭირო.
"ჩვენი აქცია არც ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციას ითვალისწინებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რა ვითარებაცაა ქვეყანაში. ახლა არის ისეთი ვითარება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მართვა მთლიანად შეწყვიტა, გადავიდა ავანტიურებზე, ტყუილებზე, ყველაფრის "ნაციონალურ მოძრაობაზე" დაბრალებაზე და ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ ადამიანები დღითიდღე ღარიბდებიან.
ამ ვითარებაში ხვალინდელი აქცია არის აუციელებელი, რომ ხელისუფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად დაყრუებული, რუსთაველიდან მაინც გაიგოს ადამიანების ხმა, გაიგოს, როგორ უჭირთ ადამიანებს ასეთ ვითარებაში ცხოვრება. ყველამ ერთად უნდა მიანიშნოს, რომ დროა, რაც არ გამოსდით, იმას თავი დაანებონ და სახლში წავიდნენ", - განაცხადა გუშინ ირმა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად აქვს იმედი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მუდმივად ერთი პარტია ვერ იქნება ხელისუფლებაში.
"პარტიები იცვლება. მუდმივად ერთი პარტია ვერ იქნება ქვეყნის სათავეში. ეს აბსოლუტურად ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. ის, რომ ერთხელ გაგიშვეს სახლში, ეს არ ნიშნავს, რომ უკან არასდროს მობრუნდები. მიტინგი, რომელიც ხვალ იმართება, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების მიტინგი, ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის გაკეთებული მიტინგი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა ჩამოთვალა საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადადგეს მთავრობა. "უნდა გადადგეს იმიტომ, რომ საქმე წავიდა უკან და ერთი ნაბიჯი წინ ვერსად დავინახეთ. იმიტომ, რომ იზრდება უმუშევრობა, სიღარიბე, მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს....", – განაცხადა მაჭავარიანმა.