პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მიესალმება.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მეტი ინფორმირებულობა და კანონის მეტი განმარტება, ხელისუფლების საქმე და ამოცანაა.
"არასწორია იმის თქმა, თითქოს შს სამინისტრომ გამოაქვეყნა, თუ რა არ უნდა გააკეთონ აქციის მონაწილეებმა. შს სამინისტრომ გამოაქვეყნა, თუ რა უნდა გააკეთონ აქციის ორგანიზატორებმა, რა არ უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა და რა უნდა გააკეთოს პოლიციამ. შს სამინისტროს განცხადებაში ყველაფერია ახსნილი და ყველასთვის ყველაფერია შეხსენებული. მათ შორის პოლიციისთვისაც, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა და ვისურვებდი, რომ ასეთი გაფრთხილებები თუ შეხსენებები ხშირად იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უკეთ იცოდნენ თავისი უფლებები, ასევე ამა თუ იმ აქციის ორგანიზატორებმაც და პოლიციამაც, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა შს სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.
შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შსს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია.