2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომზე დასავლეთის სუსტმა პასუხმა კრემლს კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მისცა გაეგრძელებინა აგრესია, დღეს მაგალითად უკრაინის წინააღმდეგ. ეს განცხადება საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ "კიევპოსტთან" ინტერვიუში გააკეთა.
"თუ მისი ნებაზე მიშვება გაგრძელდება, სცენარი შესაძლოა ძალიან ცუდად განვითარდეს, არამხოლოდ უკრაინისთვის. მთელმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ იცის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი - რუსეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ იკავებს, ოკუპირებას ახდენს და ომს აწარმოებს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე", - განაცხადა უკლებამ.
"კიევპოსტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2008 წლის ინტერვენციით საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი მიითვისა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
"მსოფლიოს პასუხი ამ ყველაფერზე იყო დროებითი და მოკრძალებული, რასაც მხოლოდ მოკლევადიანი სანქციები მოჰყვა", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, მიხეილ უკლებამ დონბასში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს, ყირიმის ანექსიას, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავებას ცივილიზაციათა კონფლიქტი უწოდა.
საქართველოს ელჩი უკრაინაში "კიევპოსტთან" ინტერვიუში საუბრობს უკრიანაში არსებულ პრობლემებზეც. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას უწევს რუსეთის აგრესიასთან გამკლავება და კორუფციასთან ბრძოლა.
"უკრაინა საქართველოს არამხოლოდ კარგი მეგობარია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ, გულწრფელად, ჩვენს მეგობარ უკრაინას ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ნათელ ევროპულ მომავალს", - აღნიშნა უკლებამ.
საქართველოს ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა - საქართველო და უკრაინა აუცილებად გახდებიან ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
"ეს მძიმე და რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ამას ვიმსახურებთ", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.