საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილი გამოფენის „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919-21“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.
„შეუძლებელია დემოკრატიული, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემის, ჯანსაღი და ეფექტიანი ფუნქციონირება გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა შესაბამისი ჩართულობის გარეშე. საქართველოში მეტი ძალისხმევა გვმართებს ამ მიმართულებით. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა არ უნდა იყოს უბრალოდ მიზანი, ეს არის ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას და გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით მიზნით.
სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვის, საჯარო სფეროსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს მაღალი დონის კონფერენციის ჩატარებას ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.
გამოფენა ქალთა საინფორმაციო ცენტრის და საქართველოს ეროვნულ არქივს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.