შტეფან ფულე - ევროკავშირმა უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივები უნდა მისცეს

შტეფან ფულე - ევროკავშირმა უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივები უნდა მისცეს

ევროკავშირმა უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივები უნდა მისცეს, - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინისათვის ყველაზე წამახალისებელი, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები იქნება.

"დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინისათვის წევრობის ნათელი პერსპექტივების მიცემა. ჩვენ არ ვსაუბრობთ გაწევრიანებაზე ხვალ, ან ზეგ. ირონიულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე არ იყო კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ფულემ. 

მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. 

"აუცილებელია ერთდროულად სახელმწიფოს დაცვაც და რეფორმების გატარებაც, ეს რთულია, თუმცა, მნიშვნელოვანი" , - აღნიშნა ევროკომისარმა. 

ფულეს თქმით, უკრაინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კორუფციასთან ბრძოლაა.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კორუმპირებული პოლიტიკოსები დაისჯებიან. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ უკვე გადადგმულია. თუმცა, უფრო მეტია საჭირო. აუცილებელია ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომლის მოსაგვარებლადაც ასოცირების შეთანხმების პოტენციალის გამოყენებაა საჭირო", - განაცხადა შტეფან ფულემ.