სომხური მხარე აზერბაიჯანს აკისრებს პასუხისმგებლობას იმ ვითარებაზე, რომელიც პროვოკაციული ქმედებების შედეგად გაუარესდა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა .
"ნიუსარმენიას" ინფორმაციით, აზერბაიჯანელი დივერსანტების შეტევის მოგერიებისას დაიღუპა სამი სამხედრო პირი, ოთხი კი დაიჭრა, რომელთაგან ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის ცნობით კი, თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხე არ არსებობს. "სომხეთის შეიარაღებული ძალები მზადაა სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე სახის საფრთხეს ფართომასშტაბიანი ქმედებებისთვის", - განაცხადა ოგანიანმა.
მისი თქმით, ვითარება კონტროლდება საზღვარზე, კონფლიქტის შეხების ხაზზე და სომხეთის ქვედანაყოფი მის წინაშე დასახულ ამოცანას ასრულებს.