შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უწყებაში დაცული ინფორმაციის არაკანონიერად გაცემის სულ 9 ფაქტია გამოვლენილი.
როგორც თალაკვაძემ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, მათ შორის ინფორმაციის მიწოდება კერძო პირებისა და ადვოკატისთვისაც კი მოხდა.
"გამოვლენილია 9 შემთხვევა, როცა თანამშრომლები, რომლებსაც დაშვება ჰქონდათ შსს-ის ბაზებთან, კანონმდებლობის დარღვევით, პირადი ინტერესების გამო გასცემდნენ ინფორმაციას. აქედან, ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა კერძო პირისთვის განხორციელდა, ზოგ შემთხვევაში კი ის მიეწოდა ადვოკატებს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაციის გაცემას, მხოლოდ ერთი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, რაზეც სათანადო რეაგირება გვქონდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უშუალოდ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს შორის თანამშრომლობას შეეხება, მინისტრის მოადგილის თქმით, პარლამენტის წევრისთვის დაცული ინფორმაციის მიწოდება არაერთხელ მოხდა.
"აქ არაერთ შემთხვევაზეა საუბარი, ინფორმაციის ბატონი თარგამაძისთვის მიწოდება რამდენჯერმე მოხდა. სწორედ ამ ფაქტების დადასტურების შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გავასაჯაროეთ, თუმცა მხოლოდ ერთი შემთხვევის
გასაჯაროება მოვახდინეთ, რადგან მის შესახებ ინფორმაცია მედიითაც იყო გავრცელებული", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება გივი თარგამაძის განცხადებას, რომელიც რუსლან ბაზიაშვილისგან ინფორმაციის მიღებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნულს იმით ხსნის, რომ ის ნდობის ჯგუფის წევრია, თალაკვაძე დეპუტატს შეახსენებს, რომ ნდობის ჯგუფის მიერ უწყებისგან ინფორმაციის გამოთხოვის სხვა პროცედურა არსებობს.
"ბატონმა თარგამაძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ იმუშავა პროფესიონალურად, როცა გამოავლინა ის ადამიანი, ვინც ინფორმაციას კანონმდებლობის დარღვევით გასცემდა მესამე პირზე, მაგრამ მან შეცდომა დაუშვა მეორე ნაწილში, როცა თქვა, რომ ამ ინფორმაციას იღებდა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრი. აშკარაა, რომ პარლამენტარმა თარგამაძემ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის, რომ ნდობის ჯგუფს ინფორმაციის ასე მიღების უფლება არ აქვს და მის მიერ ინფორმაციის მოპოვების პროცესი კანონმდებლობით ძალიან მკაფიოდაა გაწერილი - მხოლოდ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ წერილობით მოითხოვოს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში არა ნდობის ჯგუფთან თანამშრომლობდა დათხოვნილი პოლიციელი, არამედ პირდაპირ გივი თარგამაძესთან, რომელსაც პირადი ინტერესების გამო აწვდიდა ინფორმაციას, თარგამაძე კი თავის მხრივ მას პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა", - განმარტა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, თუ აღნიშნულთან მიმართებაში დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, მასალებს პროკურატურას გადასცემენ.