"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია. "რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" განვაახლეთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები. დღეს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისში ჩამოვედი. ჩვენი შეხვედრების ძირითადი მიზანი მოსახლეობისგან რეალური ინფორმაციის მიღება და ხალხთან დიალოგია. თუმცა ეს ინფორმაცია, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სახარბიელოა. რეგიონის მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია, ადგილობრივების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ეკონომიკურმა რყევებმა და ლარის კურსის ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს. ეს ვითარება ყველაზე კარგად ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, როგორც ქუთაისელები ეძახიან, "კეჩის ბაზარში" ჩანს. მცირე მეწარმეები და მოვაჭრეები ყოველდღიური გადასახადების გადახდას ვერ წვდებიან, ბაზარში ფაქტობრივად არ დადის მყიდველი", - აღნიშნა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა, ეკონომიკურთან ერთად, საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაა. "ამ ხალხს ყურადღებას არავინ აქცევს, არავინ იზიარებს და ისმენს მათ პრობლემებს, გადაჭრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია", - განაცხადა ალასანიამ.