ჩვენი ბრალი არაა, დღეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის რომ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს

ჩვენი ბრალი არაა, დღეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის რომ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს

ლეონიდ თიბილოვი იმედოვნებს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა განხორციელდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას თავს არიდებს.

„ჩვენი ბრალი არ არის, რომ დღეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ჟენევის დისკუსიებზე გამოვდივართ წინადადებით, რომ საჭიროა, გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება. მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველო გაურბის ამ საკითხს", - განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ. შეთანხმების გაფორმებიდან მეორე დღეს რუსეთის არმია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მასშტაბურ წვრთნას ატარებს.

სწავლებაში 600-ზე მეტი ჯარისკაცი და 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

მანევრების შესრულების დროს სამხედროები სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან სროლაში ვარჯიშობენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, წვრთნები მოსკოვსა და ცხინვალს შორის გუშინ გაფორმებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას არ უკავშირდება.