საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ის დაუყოვნებლივ გადასცემს ვაშინგტონს საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვში გუშინ გაფორმდა.
ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის დიპკორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის გუნდიდან მომდინარე მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც გამოხატული იყო საქართველოს პოზიცია რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. მინისტრმა გვთხოვა, რომ ჩვენს დედაქალაქებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდოთ, რასაც დაუყოვნებლივ გავაკეთებთ. შევატყობინებთ ვაშინგტონს საქართველოს პოზიციის შესახებ. აშშ-მა გააკეთა წინმსწრები განცხადება, სადაც ნათლად არის გაცხადებული, რომ აშშ არ აღიარებს ამ ე.წ შეთანხმებას და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. მოუწოდებს რუსეთს, რომ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება 18 მარტს გაფორმდა. ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს.
შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით გაფორმდა.