პრობლემა ის კი არ არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საქმეში არმაზ ახვლედინის განცხადება მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას, პრობლემაა ის, რომ მან სრულიად უადგილო და არაკორექტული განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, სწორ და მართებულ ნაბიჯად აფასებს.
"მის მიერ "მაესტროს" ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ არ შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს. პრობლემა ის კი არ არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საქმეში ახვლედიანის განცხადება მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას, პრობლემაა ის, რომ მან სრულიად უადგილო და არაკორექტული განცხადება გააკეთა. იმ პერიოდში, პოლიტსაბჭოს ფარგლებში, არც ერთ დონეზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ახვლედიანის განცხადების გარკვეულ ინტერპრეტირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ასეთი ინტერპრეტაციის საფუძველი, უადგილო და არაკორექტული განცხადებით თავად მან შექმნა. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, მის ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ, რომელიც ადასტურებს, რომ არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტსაბჭოს სსდომაზე მსჯელობის თემა იქნება.
არმაზ ახვლედიანი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
ამის შესახებ მან დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაზუსტებულია, რომ "ვიდრე პოლიტსაბჭოს სხდომა არ განიხილავს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მის მიერ მიცემული ინტერვიუს გამო უსაფუძვლო კომენტარების საკითხს", იგი "ქართულ ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
"ინტერპრესნიუსი" არმაზ ახვლედიანის განცხადების ტესქტს უცვლელად გთავაზობთ:
"ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია, ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი", - ნათქვამია არმაზ ახვლედიანის განხაცდებაში, რომელიც მან "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.