„გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან მუშაობა პერმანენტულად მიმდინარეობს“

„გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან მუშაობა პერმანენტულად მიმდინარეობს“

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწმევაზე საუბარი არ არის.

დავით კერესელიძის განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს თემა ყოველთვის წინ არის წამოწეული.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან მუშაობა პერმანენტულად მიმდინარეობს. რამდენად უნდა მოვიწვიოთ დღეს-ხვალ, ეს უკვე სხვა პროცედურაა. საქართველოს თემა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ყოველთვის წამოწეულია. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულნი. იმის გათვალისწინებით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში არის ერთი ქვეყანა, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, ეს რთული კი არაა, უბრალოდ ამას ძალიან კარგი მუშაობა უნდა. გარწმუნებთ, მუშაობა მიმდინარეობს. ყველა ის დანარჩენი არამუდმივი წევრი გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რომელთანაც ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის არის ინფორმირებული“, - განაცხადა კერესელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინფორმირებულობას, როგორც კერესელიძე აცხადებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ ყოფილა შეხვედრა ბრიუსელში, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და არ ყოფილიყო ოკუპაციიის თემა წამოწეული.

„რაც შეეხება ევროკავშირს, მე არ მახსენდება არცერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიუსელში და სადაც იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ეს თემა არ წამოწეულიყო. ეს არის ჩვენი მთავარი ბერკეტი, რომ ეს თემა არ განელდეს, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არის ანექსიის მცდელობა და ყოვლად დაუშვებელი“, - განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებთ,  რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება 18 მარტს გაფორმდა. ე.წ. „ხელშეკრულების“  პროექტი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს.

შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით გაფორმდა.