საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, „რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და ელჩის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შაფასა.
მისივე თქმით, უფრო მეტად რომ არ გამწვავდეს ევროკავშირთან ურთიერთობა, ხელისუფლება თავს იკავებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ქვეყნიდან გაწვევისგან.
„პაველ ჰერჩინსკის ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, რომელიც დაფუძნებულია ტყუილ ინფორმაციაზე და საზოგადოებაზე მანიპულაციის მცდელობას წარმოადგენს. რასაც იგი ბრალად სდებს საქართველოს, ტყუილია და თუ ვინმე ციხეშია, არის კონკრეტული დანაშაულისთვის.
ევროკავშირის ერთ-ერთმა ინსტიტუციამ, სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც ნიკა მელიას შემთხვევას განიხილავდა განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივებით კანონის შეუსრულებლობა დაუშვებელია და ეს ნიშნავს მთელი მართლწესრიგის და კანონის უზენაესობის სისტემის თავდაყირა დაყენებას. ანუ სტრასბურგის სასამართლომ ერთხელ უკვე გამოიტანა პრეცედენტული განაჩენი და მაინტერესებს თავისავე ინსტიტუციას ეწინააღმდეგება ჰერჩინსკი? ელჩი ეწინააღმდეგება ვენის კონვეციას, რომელიც მოითხოვს დიპლომატისგან მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას.
რაც შეეხება დიალოგს, ეს არის სწორედაც რომ ევროპული მიდგომა და დიალოგი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოუსმინოს საქართველოს მხარის არგუმენტებს, შეამოწმოს მისი მართებულობა და ამის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა და არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც ახლა. ის უპირობოდ იმეორებს ვითომდა ოპოზიციის, სინამდვილეში კი ქვეყნის მავნებლების ნარატივს. ცხადად სჩანს, რომ ჰერჩინსკი და საქართველოში წარმოდგენილი აგენტურა ერთი ხელით იმართება და ისინი ერთი და იგივე მესიჯს ახმოვანებენ.
საქართველოს აქვს საკმაოდ გონივრული პოლიტიკა - კანონის უზენაესობა დაცულია, ადამიანის უფლებებს პატივის ვცემთ და ასევე ჩვენ თავს ვიკავებთ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან, ისეთის, როგორიც არის ელჩის ქვეყნიდან გაწვევის მოთხოვნა, რათა არ გავამწვავოთ ურთიერთობები.
ასეთ სიტუაციაში დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ იქნება საუკეთესო გამოსავალი, ოღონდ ამის სურვილი და პოლიტიკური ნება უნდა გააჩნდეს ევროკომისიას, ამჟამინდელ ევრობიუროკრატიას, რასაც ამ ეტაპზე მათ ვერ ვამჩნევ. უფრო ვხედავ, რომ ვითარების გამწვავების, დაძაბულობის ესკალაცია და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგათ. იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი მალე დასრულდება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.