ფოთის საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი ინსპექტირებას ატარებს

ფოთის საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი ინსპექტირებას ატარებს

ფოთის საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ინსპექტირებას ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ქალაქის რამდენიმე სკოლაში. ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში მისულ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს სკოლის დირექტორმა კობა სამურკასოვმა დაუდასტურა, რომ დღეს მას სამინისტროს წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს. 

კონკრეტულად რა შეკითხვები ჰქონდათ მასთან სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლებს, დეტალებზე დირექტორმა საუბარი არ ისურვა.
ამასთან, ფოთის საჯარო სკოლების წინ "ბავშვი იარაღი არაა"- ამ შინაარსის წარწერებიც გამოჩნდა.მათი ავტორი უცნობია. ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც ცნობილია, ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ინიციატივით ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი"ჩვენება მოეწყო. არასრულწლოვნები ამბობდნენ, რომ ისინი შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს. კერძოდ, მათ სკოლიდან ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ახალი პროექტების პრეზენტაციას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს სულ სხვა სურათი დახვდათ. მოზარდები ამბობდნენ, რომ კადრები, რომელიც მათ ნახეს მძიმე და ემოციური იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები ფოთის საჯარო სკოლების დირექტორებს ხვალაც გაესაუბრებიან.