საგანგებო სამსახურების რეაგირებამ ყველგან დაიგვიანა

საგანგებო სამსახურების რეაგირებამ ყველგან დაიგვიანა

მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები ბოლო რამდენიმე დღეა ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებდნენ, საგანგებო სამსახურები მაინც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ სტიქიასთან საბრძოლველად. რეგიონებს რომ თავი დავანებოთ, დედაქალაქშიც კი ქუჩების გაწმენდა ვერ მოხერხდა, ტექნიკური მარილი დროულად ვერ დაიყარა და გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.

გაძლიერებული თოვისა და მაღალი ყინვის გამო, თბილისის ტრანსპორტის მოძრაობა უკიდურესად გართულდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გარეუბნებში. ნაძალადევის, ლილოს დასახლების, ვაზისუბნის, სვანეთის უბნის, ორხევის მოსახლეობა იტყობინება, რომ გზებზე ტექნიკური მარილი მხოლოდ ერთხელ დაიყარა და ისიც მხოლოდ ცენტრალურ გზაზე.

დიდ ლილოში რამდენიმე დღის წინათ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება ცენტრალურ გზაზეც კი შეუძლებელი იყო. ვინაიდან ამ დასახლებაში მხოლოდ ერთი სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, მოსახლეობამ სამსახურსა და სასწავლებელში წასვლა ვერ მოახერხა. ქალაქის ცენტრში კი ტექნიკური მარილი მხოლოდ საავტომობილო გზაზე იყრება, ტროუარები არ იწმინდება.

თბილისი მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილის დაყრა საჭიროების შემთხვევაში ხდება. წუხანდელი თოვის გამო კი ტექნიკური მარილი ღამიდან მოყოლებული ამ დრომდე იყრება როგორც გარეუბნებში, ისე ქალაქის ცენტრში. თუკი ვინმეს გადაადგილების პრობლემა შეექმნება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე და შესაბამისი სამსახურის ჯგუფი მაშინვე მოახდენს რეაგირებას.

„თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის თორნიკე შიოლაშვილის განმარტებით, მართალია, თბილისის საავტომობილო გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თოვლის ფენა სწრაფად იყინება და მის სამსახურს დღის განმავლობაში მარილის დაყრა რამდენჯერმე მოუწია.

„ტექნიკური მარილის დაყრა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში ვიმუშავეთ“, - აღნიშნა თორნიკე შიოლაშვილმა.

თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის განცხადებით კი დედაქალაქში ავტომობილების მოძრაობის მხრივ არავითარი შეფერხება არ ყოფილა. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში უამინდობასთან დაკავშირებით გამოძახებები არ დაფიქსირებულა.

როცა დედაქალაქში ასეთი სახის პრობლემებია, რა გასაკვირია, რომ უარესი ვითარება იყოს რეგიონებში. კასპიის ზღვიდან წამოსულმა ციკლონმა განსაკუთრებული პრობლემები კახეთს შეუქმნა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რეგიონის ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მთელი ღამის განმავლობაში პრობლემები იყო. სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი 8 სატვირთო მანქანა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდასთან იყო გაჩერებული. გზები მოყინულია და თოვლისგან ამ დრომდე გასაწმენდია.

რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა თელავშია, სადაც გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ყინვის სიმაღლე 10 სანტიმეტრს აღწევს, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც.

მოძრაობა შეზღუდულია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც. „მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, მხოლოდ ორხიდიანი მანქანები მოძრაობენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. ამჟამად ისევ თოვს“, - განაცხადა სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოშრე ნეკრესელაშვილმა.

გაუწმენდავი გზის გამო ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანის სამი სოფელი, ზიარი, ფხოველი და ჭერემი.