ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის მოვლენებს

ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. 

აღნიშნულ საკითხს პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტების გამოყენებაში დადანაშაულა.

"მინდა, განმარტება გავაკეთო ზუგდიდში მომხდარ დაპირისიპირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ იქ განვითარებულ მოვლენებს. ძალადობას არავინ მიესალმება და ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს პროვოკაციაა, რომელიც დაიგეგმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ასოცირებული ორგანიზაციის ოფისთან. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები და ქვები დაუშინეს აივნებიდან აქციის მონაწილეებს, რაზეც ბუნებრივია, რეაქცია იყო ძალიან ცუდი და ნეგატიური, ვინაიდან ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადოება 9 წლის განმავლობაში იტანდა ძალადობას და იმ საშინელ რეჟიმს, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უნდა აწარმოოს, თუმცა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია.

"რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, რომ ეს მოქალაქეები სამეგრელოში კიდევ აქტიურობენ. ჩაიყვანეს იქ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით კრიმინალები, რომელთა წარსული ყველამ იცის და მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც არ სჭირდება დრამატიზება. რა თქმა უნდა, მომხდარი უნდა გამოძიოს შსს-მ და კარგად გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია – ხელკეტები დაუშინეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახით პროვოცირებული და წახალისებული არ ყოფილა.