რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს.
"ნატო არ აღიარებს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმებას, რომელსაც ხელი საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 18 მარტს მოეწერა. ეს ე.წ შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებს გააძლიეროს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს" - წერია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ ე.წ შეთანხმება არ უწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან" , - აღნიშნულია განცხადებაში.