საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.
შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელს სხდომაზე გააკეთა.
"რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმთან გუშინ გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს და ძალისხმევას. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ერთნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ნეგატიურად აფასებს თანამედროვე სამყაროც.
"ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ და მოვახერხეთ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაგმო როგორც ცხინვალთან, ისე აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულება. მთელი მსოფლიო, მთელი თანამედროვე სამყარო ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.